Home ქომაგთა კლუბი "ივერიელი" სიახლენი ინტერვიუ ლადო ჩიხლაძესთან
19 | 04 | 2024
ინტერვიუ ლადო ჩიხლაძესთან ბეჭდვა

"მე რასაც ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში, იმისთვის ვაკეთებ, რომ საქართველოს მოვუტანო სახელი! " უახლესი ინფორმაციით ლადო ჩიხლაძე ისევ უბრუნდება საჩოგბურთო მოედანს. ის წელს საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში 29-ედ ითამაშებს დევისის თასზე. 2007 წელს მიღებული ტრამვის შემდეგ მისი საჩოგბურთო კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ლადო ამ დროისთვის ისევ აქტიურად განაგრძობს ვარჯიშს და ოცნებაში დარჩენილი მიუღწეველის უახლოეს მომალში ასრულებას გეგმავს.

იხილეთ თინათინ ჩითინაშვილის ინტერვიუ ქართველ ჩოგბურთელ ლადო ჩიხლაძესთან. ინტერვიუ ჩაწერილია სპეციალურად გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული სპორტის ქომაგთა კლუბ "ივერიელისთვის"

 

მე რასაც ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში, იმისთვის ვაკეთებ, რომ საქართველოს მოვუტანო სახელი!

უახლესი ინფორმაციით ლადო ჩიხლაძე ისევ უბრუნდება საჩოგბურთო მოედანს. ის წელს საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში 29-ედ ითამაშებს დევისის თასზე. 2007 წელს მიღებული ტრამვის შემდეგ მისი საჩოგბურთო კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ლადო ამ დროისთვის ისევ აქტიურად განაგრძობს ვარჯიშს და ოცნებაში დარჩენილი მიუღწეველის უახლოეს მომალში ასრულებას გეგმავს.

- როგორ გახდა 70 იანი წლების ვარსკვლავი კალათბურთელის, თამაზ ჩიხლაძის შვილი ჩოგრბურთელი? ალბათ ყველას მოლოდინი იყო, რომ შენც კალათბურთს ითამაშებდი.
- კი ნამდვილად იყო ჩემგან კალათბურთელის გამოყვანის მცდელობა. მართლაც ყველა ელოდებოდა, რომ მამაჩემის შვილი აუცილებლად კალათბურთელი უნდა გამხდარიყო. კალათბურთზეც შემიყვანეს. თავიდან აქტიურად ვთამაშობდი. მაგრამ, ალბათ ისე ძალიან არ მიყვარდა, როგორც უნდა მყვარებოდა და მალევე დავანებე თავი. მგონი სწორი გადაწყვეტილება იყო. მამაჩემმა რასაც მიაღწია იმის მიღწევა ადვილი არ არის და თუ მე იმაზე მეტს ვერ გავაკეთებდი, როგორც სპორტსმენი ყოველთვის მამაჩემის ჩრდილში უნდა ვყოფილიყავი.
- რატომ არ გახდი კალათბურთელი გასაგებია. ახლა ის მითხარი, რატომ გახდი ჩოგბურთელი?
- სპორტი ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. ძალიან ენერგიული ვიყავი, ცოტა ნერვიულიც. ჩოგანიც ხშირად მეკავა ხელში და სახლში არაფერს ვინდობდი. შეწუხდა ჩემს ირგვლივ ყველა. დეიდაჩემმა თქვა: თქვენ თუ არ წაიყვანთ სპორტზე,  მე მოვუხერხებ რამესო და წამიყვანა ჩოგბურთზე. მაგ დროს 8 თუ 9 წლის ვიყავი. 10 წლიდან უკვე სერიოზულად დავინტერესდი, ეს ჩემმა მშობლებმაც შეამჩნიეს. მერე მამაჩემიც ჩაერია და თეიმურაზ კაკულიასთან გადამიყვანა.
- 10 წლის ასაკში სერიოზულად დაინტერესდი ჩოგბურთით, 2003 წლიდან კი უკვე პროფესიონალი ჩოგბურთელების სიაში წერიხარ. როგორი იყო გზა 95 წლიდან 2003 წლამდე?
- 13 წლის ვიყავი, როცა ამერიკელმა მწვრთნელმა პო ბლოშმა, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული, ჩემი თამაში ნახა და სპონსორობა შემომთავაზა. გამიფორმეს კონტრაქტი და ჩამოვედი გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ მანამადე არც ერთი ტურნირი არ მქონდა ნათამაშები, ოთხი ტურნირიდან, რომელიც მაშინ აქ ვითამაშე, ოთხივე მოვიგე. მივიღე შემოთავაზება ნიკი პილიჩისაგან, რომ მასთან მეთამაშა და მეც დავრჩი ოთხი წლით გერმანიაში. 14 წლამდე მოთამაშეებში მეორე ჩოგანი გავხდი, 16-მდე ათეულში ვიყავი. 18 წლის ასაკში ამერიკაში წავედი ცნობილი მწვრთვნელის მაიერის შემოთავაზებით. ამ დროს ცოტა გული ავიცრუე თამაშზე, ამერიკაში კოლეჯში სწავლაზე უარი ვთქვი და საქართველოში დავბრუნდი. ვვარჯიშობდი თითქმის კონტროლის გარეშე, რის გამოც უამრავი ტრამვა მივიღე. ამან ძალიან უკან დამხია. თუ წელიწადში 12 თვიდან 11 უნდა ითამაშოს ჩოგბურთელმა, მე ვთამაშობდი წელიწადში სამ თვეს. დანარჩენი დრო კი ან ფეხი მქონდა ამობრუნებული, ან კუნთი გაწყვეტილი. ძნელი იყო ასევე საკუთარი თავის მოტივირებაც. ამ ყველაფრის გამო ამ წლებში ჩემს სპორტულ კარიერას არაფერი მომატებია.
- მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მალე გახდი საქართველოს პირველი ჩოგანი. როდიდან დაუბრუნდი აქტიურად ისევ ჩოგბურთს?
- 2007 წელს მოხდა რაღაც გადატრიალებისმაგვარი. მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდა ეს სპორტი და ისევ სერიოზულად დავიწყე მომზადება. 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ბოლომდე  სერიოზულად ვემზადებოდი და ეს შედეგებსაც დაეტყო. ყველაზე დიდ წარმატებებს იმ წელს მივაღწიე. რაც ნიშნავდა იმას, რომ 2008 წელს უნდა გამეკეთებინა მთავარი და ყველაზე დიდი გასვლა. დეკემბერში, ანუ მაშინ, როცა იწყება საჩოგბურთო მომზადება,  წავედი ამერიკაში სავარჯიშოდ. იქ ჩავედი 4 დეკემბერს და 8 დეკემბერს მივიღე ტრამვა და 9 თვე საწოლიდან არ ავმდგარვარ. ამან თითქმის შეიწირა ჩემი კარიერა.
- ეს, როგორც ვიცი, არა მარტო ფიზიკურად დასუსტებას ნიშნავს, არამედ რეიტინგზეც უარყოფითად მოქმედებს .
- მსგავსი შემთხვევების დროს ასეთი რამ ხდება, ცხრა თვის განმავლობაში თამაშის დაწყებიდან გიცავენ რეიტინგს, რომელიც უკვე გაქვს. ამ რეიტინგით შეგიძლია ითამაშო 9 ტურნირი, დანარჩენ ტურნირებზე გაქვს ნული რეიტინგი. ამ ცხრა ტურნირზე თუ ვერ გამოხვედი, გაქვს ნოლი ქულა და ფაქტიურად ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. გარდა ამისა, ამ დროს აღარა ხარ განთესილი, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
- და შენ რატომ ვერ შეძელი ამ რეიტინგის გამოყენება?
- ტრამვიდან ცხრა თვის შემდეგ, როდესაც მწვრთნელმა აზერბაიჯანში გამიშვა სათამაშოდ, მხოლოდ ერთი კვირის ნავარჯიშები ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგად ვითამაშე და ნახევარფინალში გავედი, მაშინ ჩემი საჩოგბურთო მეოდანზე გასვლა დიდი შეცდომა იყო. ფიზიკურად კარგად არ ვიყავი მომზადებული და ძალიან სუსტმა დამამარცხა შემდეგ თამაშში. მერე ისევ დამიწყო კისერმა ტკივილი და 3 თვე საწოლიდან ვერ ავდექი. ამ დროს მთელი ეს ჩემი ქულები, რითაც 9 ტურნირი უნდა მეთამაშა, გაქრა.
- რას ნიშნავდა ეს შენი კარიერისთვის, გარდა რეიტინგის დაკარგვისა?
- როგორც სპორტსმენი, შეჩვეული ხარ რაღაც შედეგს. როცა ეს ყველაფერი უცებ გერთმევა, ძნელი შესაგუებელია და ძალიან გიჭირს თავიდან დაწყება. იმ დროს ვფიქრობდი, რომ არასოდეს არ მომინდებოდა თამაში. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი მწვრთნელი მყავდა ავსტრიაში 2009 წელს და ფიზიკურადაც გავძლიერდი, მაინც გადავწყვიტე თამაშზე თავის დანებება. ამას ჩემი შვილის დაბადებაც დაემთხვა და მასზე გადავიტანე მთელი ყურადღება.
- და მაინც რამ გადაწონა, ნოლიდან დაწყების შიშმა თუ ფიზიკურად დასუსტებამ?
- თამაშის გაგრძელება ფიზიკურად ისე ძნელი არ იყო, როგორც ფსიქოლოგიურად. თითქმის დეპრესიამდე მივედი. ტკივილები ძალიან მაწუხებდა,  ვხედავდი რომ იმდენს ვეღარ ვაკეთებდი, რამდენსაც წინა წლებში. რა თქმა უნდა არ იყო ეს ადვილი, მაგრამ ამ ყველაფერს უფრო ვუმკლავდებოდი, ვიდრე ფსიქოლოგიურ ტკივილს. ერთმა ცნობილმა ჩოგბურთელმა თქვა, რომ ჩოგბურთი 75 % არის მენტალური სპორტი, დანარჩენი ფიტნესი და მხოლოდ 5 %-ია ჩოგბურთი. ჩემთვის ზუსტად ეს 75% იყო ამ დროს ძნელი ასატანი. ამიტომაა ჩოგბურთი ერთ ერთი ყველაზე რთული სპორტია. მარტო ხარ და თუ მენტალურად ძალიან ძლიერი არ ხარ და ამ სიმარტოვეს ვერ უმკლავდები, ფსიქოლოგიურად განადგურებს. მე ეს ვერ გადავლახე მაშინ.
- მართალია ჩოგბურთის თამაშს დაანებე თავი, მაგრამ არა ჩოგბურთს და როგორ აფასებ შენი, როგორც მწვრთნელის კარიერას?
- როგორც მწვრთნელმა, ვიმუშავე არა მარტო ახალგაზრდებთან, არამედ პროფესიონალებთანაც. ამან მე თვითონაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. შემოთავაზება მაქვს ინგლისშიდან, რომ წავიდე და იქ ვიმუშავო. თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დაგეგმილი მაქვს, უახლოეს მომავალში ამის დრო აღარ მექნება, მაგრამ სამომავლოდ ამის გაკეთებასაც ვგეგმავ. ჯერ უფრო მნიშვნელოვანი რამის მიღწევა მაქვს ჩაფიქრებული. რაც შეეხება ჩოგბურთის თამაშზე თავის დანებებას, მე ამას უფრო შესვენებას დავარქმევდი.
- როგორც ვიცი ეს შესვენება დასრულდა და ისევ მალე გნახავთ საჩოგბურთო მოედანზე.
- კი ასეა. ჩავეწერე დევისის თასის გუნდში 2010 წლისთვის. ისევ ვუბრუნდები ჩოგბურთის თამაშს ახალი შემართებით და ენერგიით. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახი. ჩემს გვერდზე დგანან ჩემი მშობლები, მეგობრები, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი მეუღლისგან და შვილისგან. (1 წლის ლუკა, ვერ ამბობს, მაგრამ ძალიან უნდა რომ მამა საჩოგბურთო მოედანზე ნახოს). ახლა მთავარი ისაა, რომ დაფინანსება ვნახო. ეს მე საშუალებას მომცემს 100 % ით დავუბრუნდე ჩოგბურთს.  მოლაპარაკებული ვარ მწვრთნელებთან, ვვარჯიშობ ძალიან აქტიურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მზად ვარ მენტალურად და უფრო მეტი ვიცი, რაც აქამდე ვიცოდი.
- მიღწეულ წარმატებებს დავუბრუნდეთ. რომელ ტურნირს ან ტურნირებს გაიხსენებ, როგორც ყველაზე ემოციურს  და მნიშვნელოვანს შენი კარიერისთვის?
- ყველაზე ემოციური იყო, მესამე თამაში დევისის თასზე აფრიკის ლიგასთან. ასეთი ემოცია არც მანამდე და არც ამის შემდეგ არ მიგრძვნია. მანამდე დევისის თასზე მე მაინც და მაინც კარგად არასდროს გამოვსულვარ. დღემდე ვამბობ, რომ ჩემი კარიერა ამ თამაშის შემდეგ დაიწყო. სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებოდით საქართველოში, სპორტის სასახლეში. ჩემთვის სპორტის სასახლე ძალიან, ძალიან დიდი რამ იყო. მამაჩემის კარიერა სპორტის სასახლეში დაიწყო და იქვე მოინათლა თამაზ ჩიხლაძე “ყურშა”-დ. ეს იყო ლელას აკადემია, რაღაც განსაკუთრებული და ენით აუხსნელი. ძალიან მიჭირს, იმის გადმოცემა, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის, მეთამაშა სპორტის სასახლეში და საქართველოს სახელით მომეგო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი თამაში, რომლის  შემდეგაც საქართველოს ნაკრები რიგით მე-16-ე გახდა მსოფლიოში. შემდეგ კიდევ ორი თამაში მოვიგეთ და ისტორიაში შევედით, როგორც საუკეთესო გუნდი. ეს იყო  ემოციურად, კარიერისთვის და პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ჩოგბურთისთვისაც.
- შენ გერმანიაში ხარ, ირაკლი ლაბაძე წლების განმავლობაში ავსტრიაში იყო. ის, რომ ორი პირველი ჩოგანიდან ორივე ქვეყნის გარეთ გაიზარდა ნიშნავს იმას, რომ ქართველ ჩოგბურთელებს საქართველოში განვითარების პერსპექტივა არ აქვთ?
- მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, უამრავ მაღალი კლასის მწვრთნელთან მივარჯიშია, მაგრამ თემურ კაკულიას მსგავსი მწვრთნელი ცოტა მინახავს. თემური დღემდე ითვლება ჩემთვის ყველაზე საყვარელ და საუკეთესო მწვრთნელად. მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი იყო. მან მოინდომა, რომ ევროპაში წამოვსულიყავი სავარჯიშოდ, რადგან თბილისში მოთამაშეები აღარ მყავდა. სპორტში ძალიან ბევრია ფინანსებზე დამოკიდებული და ამის გამო ბევრი სპორტსმენი თამაშს თავს ანებებს. გარდა ამისა, როცა ევროპაში ან ამერიკაში თამაშობ, ვიზა არ გჭირდება სხვა ქვეყნებში სათამაშოდ წასასვლელად, რაც ბევრ სირთულეს გიხსნის. ყველაზე მეტი აკადემია და კლუბიც ამ ქვეყნებშია. ამიტომ ყველა მწვრთნელი, რომელიც ხედავს, რომ ნიჭიერი სპორტსმენი ჰყავს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საქართველოს გარეთ გაუშვას.
- ანუ ქართველი ჩოგბურთელების  მომავალი საქართველოში არც ისე ნათელ ფერებში ჩანს?
- საქართველოში დღეს ჩოგბურთელებისათვის ძალიან არახელსაყრელი პირობებია. არადა არაჩვეულებრივი ნიჭის პატარა ჩოგბურთელები გვყავს. ნიკი პილიჩმაც კი აღნიშნა, რომ ქართველებზე დიდი ტალანტის მქონე ხალხი იშვიათად მინახავსო. მან ეს ჩოგბურთთან მიმართებაში თქვა, მაგრამ ბევრისგან გამიგია ეს სპორტის სხვა სახეობებზე. ჩვენ დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. იმედია შევძლებთ მათ განხორციელებას. ჯერ-ჯერობიით არ არის ისეთი პირობები საქართველოში, რომ მოთამაშემ 18 წლის მერე გააგრძელოს ზრდა. სულ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს ქართული და ამერიკის თუ ევროპის ჩოგბურთი.
- შენს თავს როგორ უკავშირებ ქართულ ჩოგბურთს მომავალში?
- მე 14 წლის ასაკში მქონდა შანსი გავმხდარიყავი გერმანიის მოქალაქე და მეთამაშა გერმანიის სახელით, რაზეც უარი ვთქვი. იგივე შემომთავაზეს მოგვიანებით ამერიკაშიც და არც ამას დავთანხმებივარ. ამ ორი ქვეყნის სახელით თამაში ჩემი საჩოგბურთო კარიერისთვის ბევრ რამეს უფრო იოლს გახდიდა. გაცილებით ადვილი იქნებოდა სპონსორების პოვნაც, ვიდრე ეს ეხლაა და შეიძლება ბევრად უფრო მეტი მქონოდა დღეს გაკეთებული. მაგრამ, მე რასაც ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში, იმისთვის ვაკეთებ, რომ საქართველოს მოვუტანო ამით სახელი და ჩემს სამშობლოს გამოვადგე, როგორც შემიძლია. მე საქართველოში უნდა დავბრუნდე. ქართველად დავიბადე და ვერ ვიქნები ვერც გერმანელი, ვერც ამერიკელი.


თინათინ ჩითინაშვილი 
სპეციალურად გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული სპორტის ქომაგთა კლუბ "ივერიელისთვის"
(ინტერვიუს გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითეთ ვებ გვერდის მისამრთი და ინტერვიუს ავტორის სახელი და გვარი)

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები